კლაუდია როთი - არ მინდა, საქართველოს წინ კარი დავხუროთ და ვთქვათ, რომ ასოცირების შეთანხმება საკმარისია, შეთანხმების იმპლემენტაცია არის გზა ევროკავშირისკენ
საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მარტო არ არის, – ამის შესახებ ბათუმში ჟურნალისტებს გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერმა, კლაუდია როთმა განუცხადა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რადგან მსოფლიოში სიტუაცია არეულია, ასევე თქვენს რეგიონშიც. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის ისაა, რომ ის მარტო არ არის. მე გუშინ შევხვდი იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც დგანან გამყოფ ღობესთან და უყურებენ ამ რუსულ ინფრასტრუქტურას. მართალი გითხრათ, დეჟავიუს მსგავსი გრძნობა მქონდა. ვიგრძენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ აუცილებელია საქართველოს მხარდაჭერა. არ უნდა დავივიწყოთ რეალობა, რომელიც საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩემი აზრით, ბოლო წლებში ძალიან ჩუმად ვიყავით, ფაქტობრივად დავივიწყეთ საქართველო. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინაზე, რაც კარგია, მაგრამ როცა ვსაუბრობთ გარემოზე, შეთანხმებებზე, ასოცირებაზე და დემოკრატიაზე, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“, – განაცხადა როთმა.
ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერმა ისტორიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღის წინ საუბრობდა ისტორიაზე. კი ბატონო, გადავხედოთ ისტორიას – 1991 საზღვრები დადგინდა. პუტინს უნდა ახსოვდეს ეს ისტორია. მეორე – ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები, უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან ახალგაზრდა თაობა. ახალგაზრდები ქუჩებში გერმანიაშიც და ევროპაშიც იბრძვიან მომავლისთვის. ისინი იბრძვიან გარემოსთვის, კლიმატისთვის. მათ სურთ დემოკრატია და თავისუფლება. ამიტომ საჭიროა მეტი მუშაობა ერთად. მათ შორის „ერასმუსისა“ და სხვა პროექტების ფარგლებში. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესებშია“, – განაცხადა მან.
როთის თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია არის გზა ევროკავშირისკენ.
„ასოცირების შეთანხმება საქართველოსთან არაა საბოლოო მიზანი და ამ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია არის გზა ევროკავშირისკენ. მე არ მინდა, რომ საქართველოს წინ კარი დავხუროთ და ვთქვათ, რომ ასოცირების შეთანხმება საკმარისია. პერსპექტივა უნდა არსებობდეს, მაგრამ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია აუცილებელია. საქართველო არის ხიდი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თქვენ მათ აკავშირებთ აქ, საქართველოში. თქვენ ხართ ხიდი აზიასა და ევროპას შორის და მე სრულად ვუჭერ მხარს თქვენს გზას ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერმა, კლაუდია როთმა.
ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.