საქართველო ამერიკის არაჩვეულებრივი პარტნიორია და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ეს პარტნიორობა შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნესგეგმის შედგენას, – ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქით ქროქმა განუცხადა.
როგორც ქით ქროქმა აღნიშნა, 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა „ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს“ და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს.
მისივე თქმით, აშშ ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ (DFC) ფარგლებში.
ქროქმა საქართველოსა და აშშ-ს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის, უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მემორანდუმი ეხება „სუფთა ქსელს“.
„ეს ყოვლისმომცველი მიდგომაა მონაცემების გრძელვადიანი, ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების მიმართ, რომელიც თანამშრომლობას აყალიბებს იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთი და სხვა ბოროტად განწყობილი ქვეყნები ქმნიან. ეს არის კოალიცია, რომელშიც ახლა უკვე 60 ქვეყანა, ორასზე მეტი ტელესაკომუნიკაციო კომპანია და ინდუსტრიაში ისეთი მსოფლიო ლიდერები შედის, როგორიცაა „სისკო“, „ენ-ი-სი“, „ფუჯიცუ“, „ორაკლი“, „სიმენსი“ და სხვა.
5G მიმართულებით, მისი მიზანი მხოლოდ სანდო მომწოდებლების გამოყენებაა, და არა იმ კომპანიების, რომლებიც ისეთი ქვეყნებისაა, სადაც მონაცემთა დაცვა ეროვნული დაზვერვის აქტს უკავშირდება, როგორც ეს ჩინეთშია. ჩინეთის მთავრობა ნებისმიერ ჩინურ კომპანიას, სახელმწიფო საკუთრებაში იქნება ის თუ კერძოში, ავალდებულებს მონაცემების, ინფორმაციის, ტექნოლოგიის თუ ინტელექტუალური საკუთრების კომუნისტური პარტიისთვის გადაცემას, როცა კომუნისტური პარტია მათ ამას მოსთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პასუხის გაცემა მოუწევთ. ასე რომ, საბოლოო ჯამში, სულ ესაა. ეს უსაფრთხოების ერთგვარი ქოლგაა უამრავი კომპანიისა და ქვეყნისთვის. ძალა ერთობაში, რაოდენობასა და სოლიდარობაშია“, – განაცხადა ქით ქროქმა.
კითხვაზე, ხშირად ისმის საუბარი, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ახალი, ტექნოლოგიური ცივი ომი მიმდინარეობს, სად არის საქართველოს ადგილი ამ ტექნოლოგიურ დაპირისპირებასა თუ კონკურენციაში, ქროქმა აღნიშნა, რომ ეს არ არის ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირება, ეს უფრო მეტად ავტორიტარიზმისა და თავისუფლების დაპირისპირებაა.
„ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს გარშემო დემოკრატიებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს კარგად ჩანს „ერთი გზა ერთი სარტყელის პროექტის“ გაანალიზებით, იმით, რომ ისინი ყველას უთვალთვალებენ არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. ისინი დიქტატორებს ქმნიან არა მხოლოდ ტექნოლოგიების, არამედ ფულის გამოყენებითაც. სიახლის, ან მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, 5G ტექნოლოგიას ადამიანების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ხალხს ჯანდაცვასთან დაკავშირებული შეშფოთებები აქვს, ასევე არსებობს მონაცემთა დაცვის მხრივ შიშები“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
კითხვაზე საშიშია თუ არა 5G, ქროქი ამბობს, რომ არ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი საფრთხე.
„ამ მხრივ ცნობადობის ამაღლებაა საჭირო და ჩვენ ამაში დახმარების გაწევა ნამდვილად შეგვიძლია. ეს ისეთი გამოწვევაა, რომელსაც ბევრ ქვეყანაში ვხედავთ, მაგრამ საზოგადოების განათლება ამ მხრივ ამ პრობლემას გადაჭრის. 5G ტექნოლოგიაში და ტელეკომუნიკაციებში კვანტური ნახტომია, რომელიც 4G-დან გაკეთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ძალიან, ძალიან ჩქარა იმუშავებს და ეს არ ეხება მხოლოდ სმარტფონებს. ეს ეხება წარმოებას, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას, ელექტროენერგიის წარმოებისა და დისტრიბუციის ქსელს, სანიტაციას, ჯანდაცვის სექტორს.
ეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ესაა ყველაზე დიდი ასპექტი. ამ ტექნოლოგიის მომწოდებლებს ყველა გასაღები ექნებათ და საკითხი ძირითადად ნდობას უკავშირდება. ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში არა ტექნოლოგიას, არამედ ნდობას უკავშირდება. ენდობი თუ არა შენს პროვაიდერს – მაგალითად, ორ სკანდინავიურ კომპანიას უფრო ენდობი, როგორიცაა “ნოკია” და „ერიქსონი,“ თუ ჩინურ კომპანიებს, როგორიცაა „ჰუავეი“ და „ზი-თი-ი?“ საბოლოო ჯამში, ყველაფერი სწორედ ამას უკავშირდება. ბელგია კარგი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ბელგია პატარაა, ის მნიშვნელოვანია ქვეყანაა, რადგან იქ ნატოსა და ევროკავშირის სათაო ოფისები მდებარეობს. ისინი „ჰუავეის“ ბევრ სფეროში იყენებდნენ. ერთ დღესაც გააცნობიერეს, რომ „ჰუავეის“ აპარატურა უნდა მოეშორებინათ. ეს საქართველოსთვისაც არ არის უნიკალური. ბევრ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციაა. ამიტომაცაა, რომ ქვეყნები, რომელთა რიცხვიც ამ დროისთვის 60-ია, ცდილობენ, „სუფთა ქსელს“ შეუერთდნენ. ამაში ნატო-ს წევრი 30 ქვეყნიდან 27 და ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 26 უკვე შედის. ამას ემატება სამი ზღვის ინიციატივის 12 წევრიდან 11 ქვეყანა და ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იაპონია, ინდოეთი, ტაივანი, ვიეტნამი, ახალი ზელანდია, ბრაზილია, ეკვადორი და სხვა. რუსეთი და ჩინეთი ჩემი აზრით, ტოტალიტარული ტყუპები არიან. ისინი ამ თამაშში ერთად არიან. რუსეთსაც იგივე უნდა რაც ჩინეთს, გააგრძელონ თვალთვალი ყველა სფეროში და ამისთვის მათ სწორედ ეს ტექნოლოგია სჭირდებათ, რომელიც მათ ყველა ხელსაწყოს აძლევს“, – განაცხადა ქით ქროქმა.
კითხვაზე, რა პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს საქართველოს ამ ქსელში გაწევრიანება, ქროქი აღნიშნა: „ეს ნამდვილად უგზავნის სიგნალს ამერიკის კერძო სექტორს და ასევე იმ ქვეყნების კერძო კომპანიებს, რომლებიც „სუფთა ქსელში“ შედიან. როცა ეს კომპანიები საკუთარ ქსელებს აფართოებენ და როცა ისინი ახალ ქვეყნებში შედიან, მათ სურთ ჰქონდეთ სანდოობის მაღალი ხარისხი“.
მისივე თქმით, 5G ტექნოლოგია არაკეთილსინდისიერად განწყობილ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს ადვილად მოიპარონ, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება.
„ამის გამო, ბევრი კომპანია, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჩამოვთვალე, თავს იკავებს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობისგან, სადაც მეხუთე თაობის ინტერნეტს არ ენდობიან. ასე რომ, ეს ძალიან დადებით სიგნალს გზავნის. ამასთან, გვაქვს დაფინანსების შესაძლებლობაც ჩვენი „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ფარგლებში. ჩვენ „დი-ეფ-სის“ ოფისის საქართველოში გახსნას განვიხილავთ. მე კორპორაციის თავმჯდომარეც ვარ. ეს დამატებით კიდევ ერთ ძლიერი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. როცა „დი-ეფ-სი“ ქვეყანაში შედის და კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციებს დებს იქ, ეს სხვა კომპანიებსაც წაახალისებს. გვსურს, საქართველოში მოვნახოთ პროექტები, რომლებზე მუშაობაც შეგვეძლება“, – განაცხადა ქით ქროქმა.
მისივე თქმით, საქართველო აშშ-ის არაჩვეულებრივი პარტნიორი, არაჩვეულებრივი მეგობარია და აშშ-ს ამ პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანის სურვილი აქვს, ეს კი ამისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.
ქროქი აცხადებს, რომ „დი-ეფ-სის“ ოფისის საქართველოში გახსნა ეკონომიკური განვითარებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება.
„გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ პროცესი დაწყებულია“, – აღნიშნა ქით ქროქმა.
კითხვაზე, აშშ-ში ადმინისტრაცია მომავალ კვირას შეიცვლება, რამდენად განგრძობითი და თანმიმდევრული იქნება ეს პროცესი ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ქროქმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციების შეცვლით ეს მოცემულობა არ შეიცვლება.
„პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საკითხი – არის თუ არა ჩინეთი რეალური და დაუყოვნებელი საფრთხე – ყველაზე გამაერთიანებელი, ორპარტიული თემაა აქ, ვაშინგტონში. ამ საკითხში დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. ადმინისტრაციების შეცვლით ეს მოცემულობა არ შეიცვლება. გარდა ამისა, “სუფთა ქსელი“ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია, რაც მომავალი ადმინისტრაციის ფილოსოფიაში პირდაპირ ჯდება. ეს არაჩვეულებრივი ამბავია. მეორე თემას რაც შეეხება – „დი-ეფ-სის“საკითხი ასევე ორპარტიული თემაა, რომელიც კონგრესში ორპარტიული კანონპროექტით დაიწყო. ამ საკითხებში განგრძობითობა აუცილებლად იქნება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
მისივე თქმით, ეს ციფრული ალიანსი რეგიონის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ცოტა ხნის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. ისინიც ახლახან შემოუერთდნენ „სუფთა ქსელს“. თუმცა, საქართველოსთვის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ რამდენიმე თვის წინ მითხრა, რომ ალიანსს სუფთა 5G ნატო-ს ქსელი სჭირდება. არ შეიძლება ნატო-ს ზოგიერთ წევრს სანდო 5G აღჭურვილობა ჰქონდეს და ზოგიერთს არასანდო. სანდო სამოქალაქო ქსელი ალიანსს მშვიდობის დროსაც სჭირდება და ომის დროსაც. ევროკავშირიც ასე ფიქრობს. ამის გამო, რეგიონული გადმოსახედიდან, ეს საქართველოსთვის უკიდურესად სტრატეგიული ნაბიჯია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, რათა მემორანდუმში განხილული პირობებისთვის მომზადება და მათი შესრულება შეძლოს, ქროქმა აღნიშნა:„ახლა დროა ჩვენი გუნდები შეიკრიბონ“.
მისივე თქმით, აშშ-ს უნდა საქართველოსთან ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვოს.
„ამისთვის, მე ყოველთვის ეკონომიკური წინსვლის პარტნიორობის ჩამოყალიბების რეკომენდაციას ვიძლევი. ეს უნდა იყოს მრავალსექტორული მიმართულების მქონე პარტნიორობა, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა შევა, არამედ ის კერძო სექტორსაც ჩართავს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას. ამის შემდეგ კი დავსხდებით და გადავწყვეტთ ვინ და როგორ უნდა შეასრულოს ეს გეგმა. წარსულში ჩვენი გამოცდილება ასეთი იყო, რომ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებაში ვეხმარებოდით, იქნება ეს სასამართლო სისტემაში თუ სხვაგან. ეს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაა და „სუფთა ქსელი“ ამ რეაქციის ერთ-ერთ კატალიზატორია“, – განაცხადა ქით ქროქმა.