კირნათისა და მარადიდის მცხოვრებლები კირნათიჰესის მშენებელი კომპანიისგან კომპენსაციებს ითხოვენ
სოფლების კირნათისა და მარადიდის მცხოვრებლებმა დღეს კირნათიჰესთან, ჰესის მშენებელი კომპანიისგან კომპენსაციები მოითხოვეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ავსების მომენტში, ჰესის წყალსაცავი ფარავს მათ საკარმიდამო ნაკვეთებს. არსებობდა შეთანხმება, რომ დაგუბება მანამდე არ მოხდებოდა, ვიდრე კომპანია კომპენსაციას არ გადაუხდიდა იმ ოჯახებს, ვისი ნაკვეთიც წყალქვეშ იფარება, თუმცა მათი თქმით, დაპირება დაპირებად რჩება.
„არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ წყალს მანამდე არ დააგუბებდნენ, ვიდრე კომპენსაციას არ გადაგვიხდიდნენ. ჩემი ნაკვეთი მთლიანად წყალში მოექცა, თითქმის ნახევარი ჰექტარია. დამრჩა მხოლოდ სახლი. რა რეაქცია უნდა მქონდეს, მოვალთ მოლაპარაკებაზე, ვერ მოვილაპარაკებთ, წავალთ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე“,-ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით, წერილი მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნეს.