კირილ ბუდანოვი - რუსეთი სულაც არ შიმშილობს, ასეთი ტემპებით მას შეუძლია, საკმაოდ დიდხანს გაძლოს
კირილ ბუდანოვი - რუსეთი სულაც არ შიმშილობს, ასეთი ტემპებით მას შეუძლია, საკმაოდ დიდხანს გაძლოს

2023 წლის ზაფხულის ბოლოდან რუსეთი ზრდის წარმოებული საბრძოლო მასალების რაოდენობას წინა წლებთან შედარებით, თუმცა მათი ხარისხი ეცემა, – ამის შესახებ ფრანგულ გამოცემა Le Monde-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ამასთან, ბუდნოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს ძლიერი ეკონომიკა აღმოაჩნდა.

„ყველას ეგონა, რომ მოსკოვს ძლიერი არმია ჰყავს, თუმცა სუსტი ეკონომიკა აქვს. პირიქით აღმოჩნდა. არმია სუსტია. რუსეთი სულაც არ შიმშილობს. ასეთი ტემპებით მას შეუძლია, საკმაოდ დიდხანს გაძლოს“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

ბუდანოვი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მოქმედი სანქციები საკმარისი არ არის. მისი თქმით, შეზღუდვები უნდა შეხებოდა რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს – ენერგეტიკას, მეტალურგიას და მთელ ფინანსურ სისტემას. მისივე თქმით, ორივე მხრიდან დრონების ინტენსიურმა გამოყენებამ განაპირობა ის, რომ ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა შეტევით ოპერაციებს ვერ აწარმოებენ. ამის კიდევ ერთ მიზეზად ბუდანოვი დანაღმული ველების სიმჭიდროვეს ასახლებს.

ამასთან, ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინას მეტი ჭურვი და საარტილერიო სისტემა სჭირდება.

„საზღვარგარეთ ვინც მიიჩნევს, რომ დაიღალა უკრაინისგან, მოუწევთ „მოსკოვიტებზე“ ზრუნვა, როდესაც ისინი მათი ტერიტორიების დასაკავებლად მოვლენ. აგრესორი სახელმწიფო – რუსეთი ომს არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, ის ომს აწარმოებს ნატო-ს წინააღმდეგ, რასაც პირველი დღიდანვე ამტკიცებს მათი პროპაგანდა“, – აღნიშნა ბუდანოვმა.