კირ სტარმერმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეებს მიმართა - გვსურს, ვიმუშაოთ თქვენთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რათა განვაახლოთ ნდობისა და მეგობრობის კავშირები
ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ ყველა თქვენგანთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ჩვენი საერთო ინტერესების ხელახლა აღმოჩენისთვის, რათა განვაახლოთ ნდობისა და მეგობრობის კავშირები, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრა მიმდინარეობს.
„ეს უინსტონ ჩერჩილის დაბადების ადგილია და ჩვენ იმ ღირებულებების მიმდევრები ვართ, რომლებსაც ის განასახიერებს მთელ მსოფლიოში – თავისუფლებისა და დემოკრატიის. დღეს, როდესაც ჩვენს კონტინენტზე ახალი ქარიშხალია, ჩვენ ვირჩევთ, შევხვდეთ მას იმავე სულისკვეთებითა და ერთიანობით და ეს არის იმ ხელისუფლების არჩევანი, რომელსაც ჯერ მხოლოდ ორი კვირაა, სათავეში ჩავუდექით.
ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ ყველა თქვენგანთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ჩვენი საერთო ინტერესების ხელახლა აღმოჩენისთვის, რათა განვაახლოთ ნდობისა და მეგობრობის კავშირები. დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ამოცანა გადაუდებელია, რადგან ჩვენი უსაფრთხოებაა წინა ხაზზე. უკრაინა ყოველდღე იბრძვის არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ ევროპელი ხალხის დასაცავად“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. კობახიძე სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა.