დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და შუამავლებს პაკისტანიდან, კატარიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც, მისი თქმით, შეთანხმების ირანთან მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
„ჩვენ დიდი ხანია, მოვუწოდებდით დაძაბულობის შემცირებისკენ და ეს არის ის პროგრესი, რომლის ხილვაც გვინდოდა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანა შეთანხმების სრულად განხორციელებაა, რათა ჰორმუზის სრუტე გაიხსნას და მუდმივად ღია დარჩეს, ასევე დასრულდეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების დეტალებზე მუშაობა.
სტარმერმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მზად არის, მხარი დაუჭიროს ტექნიკურ მოლაპარაკებებს, რომლებიც შეთანხმების შემდეგ დაიწყება.
„ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეს გადაიქცეს მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობად და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ მის მხარდაჭერაზე. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი, გადასახადისგან გათავისუფლებული ნავიგაცია ახლა უნდა აღდგეს, რათა დაიწყოს იმ მძიმე ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იგრძნობოდა როგორც გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ოჯახებისთვის, ისე მთელ მსოფლიოში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას ამ პროცესის მხარდასაჭერად – მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვითი, დამოუკიდებელი მრავალმხრივი მისიის ამოქმედების გზით, რომლის დაგეგმვაშიც ამ დრომდე წამყვანი როლი გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა შეასრულეს, განსაკუთრებით კი შეთანხმებული ფორმით ნაღმების გაწმენდის პროცესის მხარდაჭერის მიზნით. იმისთვის, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო შეთანხმებამ ხანგრძლივად იარსებოს, აუცილებელია, რომ აღებული ვალდებულებები, განსაკუთრებით ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, იყოს მყარი, გადამოწმებადი და სრულად შესრულებული. გაერთიანებული სამეფოს მტკიცე და ხანგრძლივი პოზიცია უცვლელია – ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, – აღნიშნულია კირ სტარმერის განცხადებაში.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. პაკისტანში განაცხადეს, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. მემორანდუმის ტექსტზე საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს თეირანშიც.