ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია და ხელმოწერა 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მემორანდუმის ტექსტი საბოლოოდ შეთანხმებულია და ოფიციალური ხელმოწერა 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.
ქაზემ ღარიბაბადიმ ირანის სახელმწიფო მედიასთან სატელეფონო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მხარეები სამხედრო მოქმედებების დასრულებაზე შეთანხმდნენ.
„ომისა და სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებელი და მუდმივი დასრულება სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, დღეს საღამოს ამოქმედდება“, – განაცხადა ღარიბაბადიმ.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადაც დღეს მოიხსნება.
ამასთან, ღარიბაბადიმ განაცხადა, რომ მემორანდუმი მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი არ არის და ამაში, მისი თქმით, ირანის „სამხედრო მიღწევებმაც“ ითამაშა როლი. მისივე თქმით, ირანის მიერ აღებული ვალდებულებები პარასკევიდან შევა ძალაში.