კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან კიდევ ერთხელ შეხვედრის სურვილი გამოთქვა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან კიდევ ერთხელ შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია იუწყება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განმარტებით, წლის ბოლომდე ვაშინგტონისგან გამბედავი გადაწყვეტილებების მიღებას დაელოდება.
კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მესამე სამიტის გამართვას დათანხმდება, თუ ვაშინგტონი ფხენიანის მიმართ სწორ დამოკიდებულებას აირჩევს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპი უნდა მიჰყვეს შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები და სამართლიანი იქნება.
ცოტა ხნის წინ კიმ ჩენ ინთან კიდევ ერთხელ შეხვედრის სურვილი გამოთქვა დონალდ ტრამპმაც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ლიდერებს შორის აქამდე გამართული შეხვედრები საკმაოდ პროდუქტიული იყო, თუმცა მოლაპარაკებები ხანგრძლივი პროცესია.
თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, აჩქარების შემთხვევაში მხარეები სწორ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირველად 2018 წლის ივნისში, სინგაპურში შეხვდნენ.
ლიდერების მეორე სამიტი კი 2019 წლის თებერვალში, ვიეტნამის დედაქალაქში გაიმართა. თუმცა ბოლო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.