კიმ ჩენ ინი - კორეის ნახევარკუნუძლის ბირთვული განიარაღება აშშ-სთან დაპირისპირების დასრულებაზეა დამოკიდებული
კორეის ნახევარკუნუძლის ბირთვული განიარაღება ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირების დასრულებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა. ცნობას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასთან ერთად ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმებას შეძლებენ.
საინფორმაციო სააგენტო ასევე ავრცელებს ცნობას, რომ კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპისგან აშშ-ში მიწვევა მიიღო. თავის მხრივ თეთრი სახლის ლიდერი ფხენიანში ვიზიტს დათანხმდა.
ამის პარალელურად ცნობილი გახდა რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების განმავლობაში რეგიონში სამხედრო წვრთნებს არ ჩაატარებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე შედგა. პირისპირ შეხვედრისა და დელეგაციის წევრებთან ერთად რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისტორიული სამიტი მხარეებს შორის ურთიერთობის დარეგულირებისა და რეგიონში ვითარების გაუმჯობესების წინაპირობა იყო.