კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი სავარაუდოდ მონღოლეთში და ან ჰონკონგში მაისში შეხვდებიან
მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა სავარაუდოდ მონღოლეთში და ან ჰონკონგში მაისში შედგება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს სამ-ოთხ კვირაში შეხვდება. მისი თქმით, მოლაპარაკებების მიზანი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იქნება. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, დატოვოს მოლაპარაკებების მაგიდა, თუ შეხვედრამ სასურველი შედეგი არ გამოიღო.
ტრამპს სიტყვით გამოსვლა მხარდამჭერებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. „ნობელი, ნობელი!“ – სკანდირებდნენ აქტივისტები.
27 აპრილს ორი კორეის ლიდერის ისტორიული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეები ერთობლივი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდნენ. მოლაპარაკებები დემილიტარიზებულ ზონაში გაიმართა. კიმ ჩენ ინი პირველი ჩრდილოკორეელი ლიდერი გახდა, რომელმაც 1953 წლის ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეის მიწაზე ფეხი დადგა.