კიმ ჩენ ინი - 12 ივნისს დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების შესრულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ
კიმ ჩენ ინი 12 ივნისს დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების შესრულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ასეთი შინაარსის წერილი მისწერა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე განათავსა.
„დიდად ვაფასებ ენერგიულ და არაორდინალურ ძალისხმევას, რომელიც თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით გაიღეთ“,- აღნიშნულია კიმ ჩენ ინის მიერ გაგზავნილ წერილში.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი განმარტავს, რომ ორი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ძალისხმევა საკმარისად ძლიერი იქნება ოფიციალური ვაშინგტონის და ფხენიანის ურთიერთობის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყებად.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართა. პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის მოქმედი ლიდერების პირისპირ შეხვედრის დროს მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. სამიტის დასრულებიდან მალევე, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ფხენიანი ბირთვულ განიარაღებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მოგვიანებით მხარეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების პროცესს დააკვირდება.