თბილისში, კიკვიძის პარკის რეაბილიტაციისთვის ხუთ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო.
კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საჩვენებელი იქნება, თუ როგორი უნდა იყოს პარკები დედაქალაქში.
„კიკვიძის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა, დაიწყო. ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს პარკის მოწესრიგება. დაახლოებით შვიდი ჰა ტერიტორიაა და ტერიტორიის მთლიანად მოწესრიგება მოხდება. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკების, ველობილიკების, საბავშვო ზონების, სატრენაჟორო სივრცეების, ასევე კორტების ნაწილი”, – განაცხადა კალაძემ.
პროექტის თანახმად, პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი, სამაგიდო თამაშებისა და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი განთავსდება. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, არსებული დიზაინით შენარჩუნდება და სრულად რეაბილიტირდება პარკის შესასვლელი კოლონები და ცენტრალური ბილიკი. პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სხვადასხვა სახეობის 850-მდე მცენარე დაირგვება. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა გარე განათების სისტემა.
პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.
თბილისის მერთან ერთად კიკვიძის პარკში სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ.