კიკეთში მკვლელობასა და ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
კიკეთში მკვლელობასა და ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

17 სექტემბერს კიკეთში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ გელა ნიორაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დაკმაყოფილდა.

გამოძიების ცნობით, 17 სექტემბერს, სოფელ კიკეთში, ბრალდებული, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან ჩხუბის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

54 წლის მამაკაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.