კიევზე 8 ივლისს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა
უკრაინის დედაქალაქ კიევზე 8 ივლისს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის თავდასხმის სამიზნე „ოხმატდეტის“ ბავშვთა საავადმყოფო გახდა, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. დაბომბვის შედეგად ასევე კიევის შევჩენკოს რაიონში შენობის მთელი მონაკვეთი განადგურდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. იმავე რაიონში სამრეწველო ობიექტზე თავდასხმას კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ბიზნესცენტრ „დომინოს“ დაზიანების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ცხრა ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის სარაკეტო შეტევის შემდეგ „ადონისის“ კლინიკის ნაწილობრივ განადგურებას.