უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების გადაწყეტილებით, დემონსტრანტებმა კარვები დაშალეს და ბანკოვაიას ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია გამთენიისას დატოვეს.

როგორც უკრაინულ მედიასთან აქციის ერთ-ერთმა კოორდინატორმა, პაველ ბელოუსოვმა განაცხადა, პარიზში გამართული მოლაპარაკებების შედეგად ვლადიმირ ზელენსკის. ე,წ, წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის არ უღალატია.

„პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის არ გადაუკვეთავს არანაირი „წითელი ხაზები“. მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ერთობლივი დამსახურებაცაა. სწორედ უკრაინაში მასობრივი უკმაყოფილების შედეგად ნაჩვენები იყო, რომ უკრაინელების უმრავლესობას სურს მშვიდობა, თუმცა არა აგრესორის წინაშე დათმობების ხარჯზე“, – განაცხადა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ დემონსტრაციის ორგანიზატორები აცნობიერებენ, რომ არ არის გამორიცხული, ნორმანდიული ოთხეულის ლიდერებს შორის არსებობდეს არასაჯარო შეთანხმებებიც, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან.

შეგახსენებთ, ნორმანდიულ სამიტთან დაკავშირებით კიევში აქცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა უკრაინის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ ზელენსკისგან მოითხოვეს, რომ ე.წ. წითელი ხაზები არ გადაეკვეთა. კერძოდ, აქციის მონაწილეებმა სამიტის წინ პრეზიდენტს მოუწოდეს, არ წავიდეს დათმობებზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, ყირიმის დეოკუპაცია, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლო დავები. ასევე ოპოზიციის მიერ გამართული მიტინგის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ვლადიმირ ზელენსკი არ დათანხმდეს დონბასში არჩევნების ჩატარებას რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანამდე, უკანონო ფორმირებების განიარაღებამდე და სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენამდე.