კიევში უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სტანისლავ ეჟოვი დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა ვადიმ დენისენკომ დაადასტურა.
ეჟოვი ეჭვმიტანილია აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გათვალისწინებით საქმიანობაში. მის ბინასა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა მიმდინარეობს.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ეჟოვი რუსულმა სპეცსამსახურებმა ხანგრძლივი საზღვარგარეთული მივლინების დროს გადაიბირეს. უწყების მტკიცებით, ის აგროვებდა ინფორმაციას უკრაინის სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობის შესახებ.
თანაშემწის დაკავებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერი ვლადიმირ გროისმანი. მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.
ეჟოვი წარსულში მუშაობდა აშშ-ში უკრაინის საელჩოში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.