კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის, ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა
კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელად, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონია ჩატარდა.
უკრაინული გამოცემა „უნიან“-ის ინფორმაციით, ინტრონიზაციის ცერემონია საღმრთო ლიტურგიის დროს გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა მაკარმა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა სიმეონმა მიიღეს.
ინტრონიზაციის შემდეგ ეპიფანეს ჯვარი და ორი პანაგია გადასცეს.
უკრაინული მედია წერს, რომ საეკლესიო ნიშნების მიღების შემდეგ, მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი ხელმძღვანელი გახდა.
მსოფლიო მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ბართლომემ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 6 იანვარს გადასცა.