კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მაიდანზე სცენის დამონტაჟების უფლება არ მისცეს
კიევში პოლიციამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს მაიდანზე სცენის დამონტაჟების უფლება არ მისცა. ამის შესახებ უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, იური დერევიანკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მისივე თქმით, პოლიცია დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრდამჭერების მიტინგია დაგეგმილი, დილიდან მივიდა.
როგორც რადას დეპუტატი დერევიანკო იტყობინება, აქციის გამართვის ნებართვა მათ ლეგალურად მიიღეს, ამიტომ სამართალდამცავის მოქმედება უკანონოა.
პოლიციაში კი ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები სცენის დამონტაჟებას იმგვარად გეგმავდნენ, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდებოდა.
როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქით“ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, დღეს კიევში საპროტესტო მარში გაიმართება, რომლის მონაწილეებიც „ქურდებისა და ბარიგების მთავრობას შეუტევენ“. აქცია კიევის დროით 12:00 საათზე, თბილისის დროით კი 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.