კიევში მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ მარშზე პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ
კიევში დღეს მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული საპროტესტო მარში გაიმართება, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები კიევის დროით 12:00 საათზე შევჩენკოს პარკში დაიწყებენ შეკრებას. მსვლელობისთვის აქტიურად ემზადებიან კარვების ქალაქშიც, სადაც ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავენ და საპასუხო რეაქციებისთვის სხვადასხვა ფორმით ემზადებიან.
„ახალი ძალების მოძრაობის“ საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა “პირველ არხს” უთხრა, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური მილიონიანი მარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებასაც გააპროტესტებენ.
დაპატიმრებამდე ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მომხრეებს განუცხადა, რომ მარშზე თავადაც გავიდოდა, თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში აღმოჩნდა.
მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა სააკაშვილის მხარდამჭერებს წაუკითხა წერილი, რომელშიც პარტიის ლიდერი მომხრეებს მოუწოდებს, დაგეგმილ მარშს შეუერთდნენ.