კიევში კარვების ქალაქში მყოფ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
კიევში უმაღლესი რადას შენობასთან კარვების ქალაქში მყოფ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი წერს, შეტაკებისას დაშავდა 13 სამართალდამცველი. პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა.
შკირიაკმა რადას შენობასა და სამართალდამცველებზე თავდასხმაში მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები დაადანაშაულა. ამასთან, „სახალხო ფრონტის“ წევრი დეპუტატის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რადასთან პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის „ხალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტების მიერ იყო მოწყობილი.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ახალი ძალების მოძრაობამ“. პარტია 27 თებერვლის აქციასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. როგორც ახალი ძალების მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, პარტიის აქტივისტები რადას წინ მოწყობილ კარვების ქალაქში უკვე ერთ თვეზე მეტია არ იმყოფებიან. პარტიაში აცახდებენ, რომ მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს უჭერენ მხარს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა რადას წინ საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, სამართალდამცველებმა კი ცეცხლი ჩაქრობა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.