კიევში კარანტინის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
უკრაინის დედაქალაქში, კიევში დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში დაწესებულ კარანტინს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის მცირე მეწარმეები. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმად, ქვეყანაში ორი კვირით იხურება ბიზნესი, სპორტული დარბაზები და სკოლები.
„გარდიანის“ ინფორმაციით, აქციის ერთი მონაწილე დაშავდა. უკრაინის პოლიცია აცხადებს, რომ 40 სამართალდამცველს თვალის არეში ქიმიური დამწვრობა აღენიშნება.
უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 909 000 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 15 000 ადამიანი გარდაიცვალა.