კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი მის რეადმისიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია სასმართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა, რომ სასამართლოს უკანონოდ ეცნო მიგრაციული სამსახურის გადაწყვეტილება პოლონეთში მისი რეადმისიის შესახებ, ასევე მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურების ქმედებები.
გარდა ამისა, მოსარჩელე სასამართლოსგან რეადმისიის შესახებ მიგრაციული სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.
სასამართლოს დადგენილებით, 2017 წლის 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა შეგინის გამშვები პუნქტიდან უკრაინის სახელმწიფო საზღვარი პოლონეთიდან უკანონოდ გადაკვეთა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კიევში 12 თებერვალს დააკავეს და პოლონეთში გააძევეს.