კიევის საპატრიარქო იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტომოსს ნოემბერში გამოსცემს
კიევის საპატრიარქო იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტომოსს ნოემბერში გამოსცემს

კიევის საპატრიარქო იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტომოსს ნოემბერში გამოსცემს. როგორც უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში კიევის საპატრიარქოს პრესმდივანმა, ევსტრატი ზორიამ განაცხადა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის მორიგი სხდომა ნოემბრის ბოლოს გაიმართება და მასზე უკრაინამ შესაძლოა, ტომოსი მიიღოს, თუ „საშინაო სამუშაოს“ შეასრულებს.

„გვსურს, რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არ გადავდოთ ეს საკითხი დიდი ხნით, რადგან ტომოსი უნდა იყოს გამოცემული ნოემბრის მეორე ნახევარში, სინოდის სხდომაზე. ამ ერთი თვის განმავლობაში უკრაინაში უნდა შევასრულოთ ჩვენი „საშინაო სამუშაო“, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შესრულებული ამოცანებით მივიდეთ და მივიღოთ აღნიშნული დოკუმენტი“, – განაცხადა ზორიამ.

როგორც გუშინ კიევის პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად გამაერთიანებელი კრება უნდა გაიმართოს.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოაცხადა.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება. ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობა იყო.