კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - რუსეთი უკრაინას ბოლო 12 დღის განმავლობაში პირველად დაესხა თავს ირანული ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით
რუსეთი უკრაინას ბოლო 12 დღის განმავლობაში პირველად დაესხა თავს ირანული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით, – ამის შესახებ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინამ 17 უპილოტო თვითმფრინავიდან 13-ის ჩამოგდება მოახერხა.
„დანარჩენებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. წინასწარი ინფორმაციით, არანაირი დანაკარგი არ არის“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამარხზე.
ღამის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს რეგიონზეც, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაჭრილია 86 წლის ქალი. დაზიანებულია ცხრა კერძო სახლი, ავტომობილები, ელექტროგადამცემი ხაზი.