მიხეილ სააკაშვილი - მალდივის კუნძულებზე ყოფნას, უკრაინაში ციხეში ჯდომა მირჩევნია
მიხეილ სააკაშვილი - მალდივის კუნძულებზე ყოფნას, უკრაინაში ციხეში ჯდომა მირჩევნია

კიევის სააპელაციო სასამართლოში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კვლავ გადაიდო. სხდომა 26 იანვარს, ადგილობრივი დროით, დილის 10:00 საათზე გაიმართება. სასამართლოს გენერალური პროკურატურის აპელაცია უნდა განეხილა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხება.

როგორც სასამართლო დარბაზში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ორშაბათს, სასამართლო პროცესზე იგეგმება მისი დეპორტაციის გადაწყვეტილების მიღება. მიხეილ სააკაშავილმა მომხრეებს 22 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდა.

„მათ ერთადერთი საქმე და სურვილი აქვთ. ორშაბათს მათთვის მთავარი სასამართლო იმართება. ამ სასამართლოთი სრულდება ჩემი სტატუსი უკრაინაში და შესაძლოა, ქვეყნიდან ჩემი დეპორტაცია მოხდეს. ეს მთელი ისტორია არ ეხება იმას, თითქოს მე სახელმწიფო გადატრიალებას ვგეგმავდი. ვურჩევ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ვახორციელებდი, გადატრიალდნენ თავიანთ საწოლებში და გააგრძელონ სიზმრების ნახვა. მათი მთავარი პრობლემაა, რომ მე ამ ქვეყანაში ვიმყოფები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელისუფლება შეეცდება, რომ სამშაბათს ის უკვე ქვეყანაში აღარ იყოს.

„კიევის თოვლი ჩემთვის ყველაფერზე მშობლიურია. მალდივის კუნძულებზე ყოფნას, აქ ციხეში ჯდომა მირჩევნია“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის რეგიონებში მოგზაურობას და თანამოაზრეების შეკრებას გააგრძელებს.

„ჩვენი შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება. მე ვივლი შეხვედრებზე გენერატორებით და სანთლებით, ჩვენ ხალხამდე მაინც მივალთ“ , – აღნიშნა მიხეილ სააკაშავილმა. მან გაიხსენა 18 იანვრის შემთხვევა, როდესაც მისი გუნდისა და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრაზე ოდესის ერთ-ერთ სასტუმროში შუქი ჩაქრა.

შეგახსენებთ, 22 იანვარს კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის აპელაციას 3 იანვრის კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ.