კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 22:00-დან 07:00 საათამდე სახლიდან გასვლა აუკრძალა
კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეეფარდა.
კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება.
ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული.
„ჩვენ უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას და ახალ საპროტესტო აქციებს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკშვილმა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, აქციები უკრაინის ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის მიზნით დაიწყება.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მაიდნის იდეის ღალატში დაადანაშულა.
„ამ ბანდასთან არავითარი კომპორიმისი არ შეიძლება და უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“, – თქვა სააკაშვილმა.