კიევის რამდენიმე რაიონში ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა - პირველი არხი მოვლენების ეპიცენტრიდან
მთელი ღამის განმავლობაში, კიევის რამდენიმე რაიონში სროლის ხმა ისმოდა. ამის შესახებ ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები იუწყებიან.
როგორც კიევის მერიაში აცხადებენ, ქალაქში იმყოფებოდნენ დივერსიული ჯგუფები და მიმდინარეობდა ბრძოლები. შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დივერსიული ჯგუფები განეიტრალებულია. იყო შეტევის მცდელობა ჟიტომირის ავტოტრასიდან, თუმცა ის მოიგერიეს. ასევე, სროლა ისმოდა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე.
ბრძოლა მიმდინარეობდა კიევის ზოოპარკთანაც და ახლა ადგილზე ხანძარია.
ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გავიდნენ ქუჩებში, დარჩნენ სახლებში ან თავშესაფრებში. ასევე, არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დილის მდგომარეობით, 3,5 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოკლულია, თითქმის 200 ტყვედ ჩავარდა.