კიევის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინის დედაქალაქში ჯერ არ დაბრუნდნენ
კიევის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინის დედაქალაქში ჯერ არ დაბრუნდნენ.
როგორც კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში ამბობენ, რუსეთის სამხედრო ძალებმა განაახლეს კიევზე შეტევები.
ამასთან, ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია.
„ამ საცობების გამო ვერ გადაადგილდება ჰუმანიტარული დახმარება ვერ მოძრაობენ ექიმები, საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლები, სამხედროები“, – აცხადებენ კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციაში.
მათი ინფორმაციით, ყოველდღიურად ქალაქში ბრუნდება 40-50 ათასი ადამიანი, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.
შეგახსენებთ, რომ აფეთქებების ხმა კიევში დღეს დილიდან ისმოდა. როგორც რუსული მედია ამტკიცებს, მათი სამიზნე სამხედრო ქარხანა გახდა.