კიევის ეკონომიკის ინსტიტუტისა და ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, რუსეთი შეიარაღებისთვის საჭირო დასავლეთში წარმოებულ კომპონენტებს სანქციების გვერდის ავლით ყიდულობს
რუსეთი შეიარაღებისთვის საჭირო დასავლეთში წარმოებულ კომპონენტებს სანქციების გვერდის ავლით ყიდულობს. ამის შესახებ ნათქვამია კიევის ეკონომიკის ინსტიტუტისა და ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, სანქციების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს სამხედრო მრეწველობისთვის აუცილებელი პროდუქციის იმპორტს.
ექსპერტების შეფასებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციაში იმ პროდუქტების იმპორტმა, რომელთაც აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის პრიორიტეტულად მიიჩნევს, 8,77 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი სანქციების დაწესებამდე არსებულ მონაცემებზე მხოლოდ 10%-ით ნაკლებია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების მიერ რუსეთში ექსპორტზე დაწესებული უპრეცედენტო კონტროლის მიუხედავად, რუსეთი მაინც ახერხებს მესამე ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლას.
ექსპერტების შეფასებით, დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია რუსეთში ჩინეთში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მომუშავე შუამავლების მეშვეობით ხვდება.
ანგარიშის ავტორები გამოდიან მოწოდებით, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის მიზნით, დამატებითი ზომები იყოს მიღებული. მათ შორის დასახლებულია ექსპორტის კონტროლის პოლიტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, კორპორაციული პასუხისმგებლობის გაზრდა, მესამე ქვეყნების გავლით სანქციების აცილების აღკვეთა და იმ ინსტიტუტების განმტკიცება, რომლებიც პასუხს აგებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების რეალიზაციაზე.