კიევის „დინამოს“ ლეგენდა - დავიცავთ ჩვენს სამშობლოსა და სახლებს #1TVSPORT
ვოლოდიმირ ბესონოვი მზადაა, უკრაინის მიწები დაიცვას. კიევის „დინამოსა“ და უკრაინელი ფეხბურთის 63 წლის ლეგენდამ ამის შესახებ „კიევის დინამოს მეგობრების“ „ფეისბუქ“ გვერდთან განაცხადა.
„ჩვენ აქ რუსები არ გვჭირდება, ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოსა და სახლებს“, – თქვა ბესონოვმა „კიევის დინამოს მეგობრების“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ვოლოდიმირ ბესონოვი კიევის „დინამოში“ 6-ჯერ გახდა სსრკ ჩემპიონი, 5-ჯერ თასის მფლობელი, ხოლო 3-ჯერ – სუპერთასის მფლობელი. არის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1986) და უეფა-ს სუპერთასის ფინალისტი (1986). სსრკ ნაკრებში იყო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული (1977), ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი (1980), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1988).
რაც შეეხება მის პირად მიღწევებს – დასახელდა უკრაინის წლის ფეხბურთელად (1989), იყო მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე (1982, 1986 და 1990 წლებში), მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშე (1977) და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის ბუცის მფლობელი (1977, 3 გოლი).