კიევის აეროპორტში ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს
კიევის აეროპორტში ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს

კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტში ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა განუცხადა, ტრუხანოვი ვარშავიდან ბორისპოლის აეროპორტში ჩავიდა, სადაც ის მესაზღვრეებმა დააკავეს და ნაციონალურ ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებს გადასცეს.

ამასთან, ტრუხანოვს ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ოქმი ჩააბარეს. ტრუხანოვი ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე (მითვისება, ქონების გაფლანგვა ან დაპატრონება სასამხურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით).

გენადი ტრუხნაოვი ოდესაში უკვე თვე-ნახევარია, არ იმყოფება. ის 26 დეკემბრიდან შვებულებაში გავიდა.

ტრუხანოვის სახელი რამდენიმე საქმის გამოძიებაში ფიგურირებს, მათ შორის ქარხნის ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეძენისა და ავტომაგისტრალების რეკონსტრუქციული სამუშაოების ღირებულების გაზრდის გზით ბიუჯეტიდან სახსრების მითვისების საქმეებში.