კიევი თეირანისგან თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის კომპენსაციას მოითხოვს
კიევი თეირანისგან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის კომპენსაციას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა გამოცემა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინული დელეგაცია წარმართავს მოლაპარაკებებს მთავრობათაშორის დონეზე და მოითხოვს, ირანული მხარისგან მისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მაქსიმალურად სრულად შესრულებას, მათ შორის, კომპენსაციების გადახდასაც“, – განაცხადა ენინმა.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, უახლოეს დროში გამოქვეყნდება პრეზიდენტის განკარგულება უკრაინული დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც ირანთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ევგენი ენინის თქმით, ირანულ მხარეს სარგებელს არ მოუტანს თვითმფრინავის „შავი ყუთების“ გადაცემის გაჭიანურება.
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ-737“ 2020 წლის 8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან გაფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი ემსხვერპლა. მოგვიანებით, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ირანელმა სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს.