ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღეს მედლები ვაჟთა შორის 81, გოგონებში კი 63 კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდა.
81 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ისრაელის წარმომადგენელი საგი მუკი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ბელგიელი მატიას კასე იპონით დაამარცხა.
ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი 21 წლის ლუკა მაისურაძეს გადაეცა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს ირანელ საეიდ მოლაეის სძლია.
81 კგ. წონითი კატეგორიის მეორე ბრინჯაოს მედალოსანი კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე გახდა, რომელმაც ეგვიპტელი მოჰამედ აბდელაალის დამარცხება შეძლო.
ლუკა მაისურაძემ 1/4 ფინალური შეხვედრა სწორედ ამ ეგვიპტელ ფალავანთან იპონით დათმო.
ქალთა შორის 63 კგ. წონითი კატეგორიის გამარჯვებული ლეგენდარული ფრანგი კლარის აგბენენუ გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ტოკიოში მეოთხედ მოიგო. ფინალური შეხვედრა 9 წუთს გაგრძელდა და კლარის აგბენენუმ იპონელ მიკუ ტაშიროს ვაზარით სძლია. ბრინჯაოს მედლები კი გერმანელმა მარტინა ტრაიდოსმა და ჰოლანდიელმა იუულ ფრანსენმა დაისაკუთეს.
ხვალ მედლები ვაჟთა შორის 90, ხოლო გოგონებში 70 კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამზე ხვალ ბექა ღვინიაშვილს ვიხილავთ. ის შეჯიბრს მეორე წრიდან დაიწყებს და მისი მეტოქე ინდოელი აიაი დევილალ მისტრისი იქნება. წარმატების შემთხვევაში ბექა ღვინიაშვილი ჰოლანდიელ იესპერ სმინკსა და უკრაინელ ქუედჯაუ ხაბალის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.