კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები სკრინინგ ცენტრის მუშაობას გაეცნენ
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ონკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები – ანდრე კარვალო და ოლგა ტრუსოვა ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნენ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებს სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ და სამედიცინო სამსახურის უფროსმა, თამარ სხირტლაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკასთან, სკრინინგის პროგრამებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს.
საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრაზე სკრინინგ ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე მეთოდების გამოყენებასა და ინოვაციურ მიდგომებზე ისაუბრეს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს სკრინინგის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ორ ახალ პროექტზე, რომელიც საფრანგეთში, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსის ვიზიტის საფუძველზე დაიგეგმა.
„მოხარული ვარ, რომ „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, საქართველოში ვიმყოფებით, რათა ადგილზე გავეცნოთ სკრინინგული პროგრამების მიმდინარეობას, დავაკვირდეთ კიბოს სკრინინგის კომპონენტს. ჩვენი თანამშრომლობა ლიონში, სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლის ვიზიტისას დაიწყო. ახლა ჩამოვედით, რომ სიტუაციას ადგილზე გავეცნოთ და ჩვენი კოლაბორაცია გაგრძელდეს, რათა სკრინინგ ცენტრს პროგრამის ხარისხის გაუმჯობესებასა და მასშტაბის გაზრდაში უფრო მეტად დავეხმაროთ“, – განაცხადა ანდრე კარვალომ.
ეთერ კიღურაძემ კი აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ეროვნულ სკრინინგ ცენტრს განვითარებაში, მათთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებსდა კიბოს სკრინინგის პროგრამას განვითარებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები ასევე, იმ სამედიცინო დაწესებულებებს სტუმრობდნენ, რომლებიც ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ინიცირებულ ერთობლივ პროექტებში ჩაერთვებიან.
ვიზიტის დასასრულს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი ახალი პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპები და სამოქმედო გეგმა განიხილეს.
„ერთობლივი პროექტებიდან ერთი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს დაგვიანებულ ეტაპზე გამოვლენის ფაქტორების, ასევე, დაგვიანებული მკურნალობის დეტერმინანტების ფაქტების შესწავლასა და ანალიზს გულისხმობს, რაც კიბოს კონტროლის სტრატეგიის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე პროექტის მიზანია, ძუძუს რადიოლოგიური მიმართულებით მომუშავე რადიოლოგებისა და რადიოგრაფერების უნარების, ცოდნის, ხარისხის შეფასება, რათა განისაზღვროს ტრენინგის საჭიროება, რაც თავისთავად, სკრინინგის სერვისზე დადებითად აისახება. იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობას უფრო გაუმჯობებსებულ მომსახურებას მივაწვდით“, – განაცხადა თამარ სხირტლაძემ.
თავის მხრივ, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებს განვითარების თვალსაზრისით, მხარდაჭერა აღუთქვეს.