ხვალიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება იზრდება
წამყვანი მასწავლებელი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს, 500 ლარის ნაცვლად ხელფასის სახით 700 ლარს აიღებს, ხოლო მენტორი მასწავლებელი – 1 000 ლარს 700-ის ნაცვლად – ამის შესახებ პირველ არხს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
„ჩვენი მიზანი, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის მოტივაციის გაზრდაა. საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე სულ 153 წამყვანი და შვიდი მენტორი მასწავლებელია. ეს ინიციატივა პირველ ეტაპზე მათ შეეხებათ, ხოლო მომავალში ხელფასის მატება, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგების დანარჩენ ორ კატეგორიასაც შეეხება“, – განაცხადა მარიამ ტაბატაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსმა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა უკვე ორი წელია მოქმედებს.
სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად – პრაქტიკოსად, უფროს, წამყვან და მენტორებად გადანაწილდნენ.
ეს სქემა პედაგოგებს საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად, უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.