ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადება იწყება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკური საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.
თურნავამ პრემიერ-მინისტრისგან მიღებულ დავალებებზე ისაუბრა.
„დასრულდა მორიგი სხდომა და მინდა, მოგახსენოთ დავალებებისა და გეგმების შესახებ, რაც მივიღეთ პრემიერ-მინისტრისგან, განსაკუთრებით ეკონომიკურმა გუნდმა. პირველ რიგში, როგორც უკვე ცნობილია. ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით და კერძო ბიზნესის ჩართულობით, შევიმუშავეთ პროგრამა საქართველოში ადგილობრივი პირბადეების დამზადებისა და კერვის შესახებ. ხვალიდან უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, არის „აჭარა ტექსტილი“. პირადად ვესტუმრები ხვალ ამ საწარმოს, რათა პირბადეების პირველი პარტია ჩემი თვალით ვნახო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, 10-მდე სამკერვალო საწარმოა ჩართული პროგრამაში, ასევე რამდენიმე კომპანია, რომელთაც აუცილებელი ნედლეული შემოაქვთ.
„ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები უკვე ვაწარმოოთ. პირბადეების პირველი რაოდენობა იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ყველაზე მეტი შეხება აქვთ სხვებთან, მაღალი რისკის კატეგორიასთან“, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ განმარტა, რომ საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომლებსაც აქვთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ასევე, ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, ვინც ამ პოგრამაში ერთვება, რადგან ბევრი კომპანია უანგაროდ მონაწილეობს კერვაში, იგივე „აჭარა ტექსტილიც“, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ გარკვეული რაოდენობა შეკერონ უსასყიდლოდ. ასევე კომპანიები, რომლებიც გვაწვდიან აუცილებელ ნედლეულს, აქაც გარკვეული მოცულობა იქნება უსასყიდლოდ მოწოდებული და ეს არის იმ დიდი კონსოლიდაციის, ერთსულოვნებისა და პატრიოტიზმის გამოხატულება, რაც ამ რთულ პერიოდში ყველა ჩვენგანს და ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.