ხვალ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ხვალ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

ხვალ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. საქალაქო სასამართლოში პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.
საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელშიც ექს-პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 24 ნოემბერს, ბოროტად გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან სამი წლისა და ცხრა თვის შემდეგ. 


საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში გირგვლიანის საქმეზე არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიეცა. ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ვანო მერაბიშვილის მიმართ და უფლებამოსილების გადამეტებისთვის მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2006 წელს გასამართლებულთათვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნაში სასამართლომ ბაჩანა ახალაია ამხილა. დაუსწრებლად წარედგინა ბრალი გერონტი ალანიას. საპატიმრო დაწესებულებაში ორი წელი გაატარა დავით ქოქიაშვილმა, რომელიც იმ მანქანას მართავდა, რომლითაც გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანაში აღმოჩნდნენ.

პასუხისგებაში მიეცა ოლეგ მელნიკოვი, რომელიც პირველი იყო, ვინც შინაგან საქმეთა და იუსტიციის ყოფილი მინისტრები და ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი ამხილა.