ხვალ გაირკვევა, გადავა თუ არა ისრაელში ამერიკის საელჩო თელავივიდან იერუსალიმში
ხვალ გაირკვევა, გადავა თუ არა ისრაელში ამერიკის საელჩო თელავივიდან იერუსალიმში

თეთრი სახლის ინფორმაციით, იერუსალიმის საკითხზე განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს გააკეთებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის განცხადებით, გადავა თუ არა ისრაელში ამერიკის საელჩო თელავივიდან იერუსალიმში, ამის შესახებ გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი ხვალ გაახმაურებს.

დონალდ ტრამპმა სამშაბათს არაბ ლიდერებს იერუსალიმთან დაკავშირებული გეგმების შესახებ პირადად ამცნო. მან სატელეფონო საუბრები გამართა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, იორდანიის მეფე აბდულასთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისისთან და საუდის არაბეთის მეფე სალმანთან. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ის ეს ნაბიჯი რეგიონში კონფლიქტს გაამწვავებს.

აშშ-ის საკონსულო კი, თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, იერუსალიმის დასავლეთ ნაწილისგან თავი შორს დაიჭირონ.