რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - ბაიდენთან შეხვედრის დღის წესრიგში აისახა პრაქტიკულად ყველა თემა, რომელიც მხარეებს აინტერესებთ
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ხვალ, 16 ივნისს, ჟენევაში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, კორონავირუსის შეკავების, რეგიონული პრობლემების, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის, მთიანი ყარაბაღის და უკრაინის საკითხებზე იმსჯელებენ.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მომავალი შეხვედრის დღის წესრიგში აისახა პრაქტიკულად ყველა ის თემა, რომელიც ამერიკულ და რუსულ მხარეებს აინტერესებთ.
„განსახილველ თემებს შორის არის ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები, სტრატეგიული სტაბილურობის, საინფორმაციო უსაფრთხოების, კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხები. ცალკე განიხილება ორმხრივი ურთიერთობების სპეციფიკური, გადაუჭრელი თემები, რომელსაც შემდეგ მოჰყვება კლიმატზე, არქტიკაზე და კორონავირუსზე საუბარი.
პრეზიდენტების შეხვედრის მომდევნო ნაწილი შეეხება სირიის, ლიბიის, ავღანეთის, კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციისა და ირანის ბირთვული პროგრამის თემებს. ცალკეულად განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მთიანი ყარაბაღის რეგიონში, უკრაინასა და ბელარუსში არსებულ ვითარებაზე. ეს არის ის თემები, რომლებიც შეთანხმებულია დღის წესრიგით, მაგრამ პრეზიდენტები ნებისმიერ საკითხს საკუთარი შეხედულებისამებრ განიხილავენ. შესაძლოა, ასევე იყოს თემები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული არ არის“, – აღნიშნა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ბაიდენ-პუტინის შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევის დროით 13:00 საათზე „ვილა ლა გრანჟში“ გაიმართება. მოლაპარაკებები სამი ნაწილისგან შედგება – ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ, თითოეული მხარე პრესკონფერენციას გამართავს.
ვიწრო ფორმატში შეხვედრას ჯო ბაიდენთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება.
„ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებები თარჯიმნების საშუალებით შედგება, საუბრის სინქრონიზაცია კი მხოლოდ გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას იქნება“, – აღნიშნა უშაკოვმა.
შვეიცარიაში დაგეგმილი ამერიკულ-რუსული საპრეზიდენტო შეხვედრა 2018 წლის შემდეგ პირველი იქნება. ბოლო შეხვედრა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შედგა.