ხუთი წევრი ქვეყანა ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანი დისტრიბუციის საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს
ხუთი წევრი ქვეყანა ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანი დისტრიბუციის საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს

ავსტრიის, ჩეხეთის, ბულგარეთის, სლოვენიისა და ლატვიის ლიდერები ევროკავშირს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების საკითხის განხილვისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი წერილით ხუთი ქვეყნის ლიდერმა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს მიმართეს.

მანამდე ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ფარგლებში ვაქცინების დოზების განაწილება არათანაბრად ხდება, მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ვაქცინები მოსახლეობის მიხედვით გადანაწილდეს. ერთობლივ წერილში აღნიშნულია, რომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ ვაქცინების დოზების მიწოდება ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნებისთვის არ ხორციელდება თანასწორად, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.

„შესაბამისად, ჩვენ მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე გაიმართოს დისკუსია ამ მნიშვნელოვან საკითხზე ლიდერებს შორის“, -აღნიშნულია წერილში.

როგორც სებასტიან კურცმა განაცხადა, ივნისის ბოლოსთვის მალტას ექნება მოსახლეობის მიხედვით ვაქცინის სამჯერ მეტი დოზა, ვიდრე ბულგარეთს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ევროკავშირის ლიდერების სამიტი 25-26 მარტისთვის არის დაგეგმილი.