ხუთი სახელმწიფოს ლიდერებმა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციას მოაწერეს ხელი
ყაზახეთის ქალაქ აქტაუში კასპიის სამიტი მიმდინარეობს. რეგიონულ ფორუმს ხუთი ქვეყნის, ყაზახეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და თურქმენეთის ლიდერები ესწრებიან.
კასპიისპირეთის ხუთი სახელმწიფოს ლიდერმა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციას მოაწერა ხელი. კონვენციის თანახმად, კასპიის ზღვის წყლის ზედაპირი კვლავაც მხარეთა საერთო სარგებლობაში რჩება. ფსკერი და ქვენიადაგი კი მეზობელ სახელმწიფოებს შორის იყოფა, მათ შორის შეთანხმების მიხედვით, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
კონვენციაში ასევე გაწერილია, რომ კასპიის ზღვის აუზში არარეგიონული ძალების სამხედრო კომპონენტის არსებობა დაუშვებელია. კონვენციის თანახმად, კასპიის ზღვაზე უსაფრთხოების პასუხისმგებლობას კასპიისპირეთის ხუთი სახელმწიფო იღებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზღვაოსნობა, თევზაობა, სამეცნიერო კვლევები და მილსადენების განთავსება მხარეთა მიერ შეთანხმებული წესებით უნდა განხორციელდეს.
გარდა ამისა, მასშტაბური საზღვაო პროექტების განხორციელებისას გათვალისიწინებული უნდა იყოს ეკოლოგიური ფაქტორი, კასპიის ზღვის ეკოლოგიური სისტემის ზარალზე კი პასუხისმგებლობას ყველა ქვეყანა იღებს.