„ცხოვრება მშვენიერია“
IMDB-მ ყველა დროის 100 ყველაზე პოპულარულ საახალწლო ფილმს შორის, პირველ ადგილზე ფრენკ კაპრას შედევრი – „ცხოვრება მშვენიერია“ განათავსა.
ფილმი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ამერიკული ტელევიზიების საახალწლო ეთერი, პრემიერის შემდეგ კინომცოდნეებმა სასტიკად გააკრიტიკეს, კინოთეატრებმა კი, მალევე მოხსნეს ეკრანებიდან. ალბათ, მრავალი წელი უნდა გასულიყო, ფრენკ კაპრას შედევრი მსოფლიოს ხელახლა რომ აღმოეჩინა და ამერიკელ კრიტიკოსებს ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო 10 ფილმს შორის დაესახელებინათ.
თავის დროზე ამერიკელებმა კაპრას „რეალიზმი დაუწუნეს“, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერდა, რომ ამბავი ძალიან გამოგონილია და გამოხატვის ენა ზედმეტად პირობითი. თავად კაპრა სურათს „ამერიკულ იდეას“ უწოდებს. ადამიანს შეუძლია გახდეს ბედნიერი. ამისთვის კი, საჭიროა იყო კანონმორჩილი და გიყვარდეს ადამიანები
„ფანი და ალექსანდრე“
ფილმების მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზაში, რომელიც რეიტინგს მომხმარებლის რაოდენობით განსაზღვრავს, კიდევ ერთი შედევრი – შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის „ფანი და ალექსანდრე’’მოხვდა .
ფილმის გადაღების წინ რეჟისორმა გამოაცხადა, რომ „ფანი და ალექსანდრე’’ უკანასკნელი იქნებოდა მის კინოშემოქმედებაში. მაგრამ ასე არ მოხდა. ბერგმანმა კიდევ გადაიღო რამდენიმე ფილმი, მაგრამ „ფანი და ალექსანდრე“ მაინც აღიქმება რეჟისორის შემოქმედების ფინალად. ფილმი აღწერს ტყუპი და-ძმის ცხოვრებას 1910 წელს უფსალაში. სიუჟეტად შვედმა რეჟისორმა საკუთარი და მისი დის ბავშვობა გამოიყენა. ინგმარ ბერგმანის თქმით, რა არის კინოხელოვნება, თუ არა სასწაული, და რა არის შობა, თუ არა სასწაული. რატომ არ შეიძლება ფინალში, უსასრულობის კარს რომ მიადგები, მაშინ მაინც არ დაიჯერო სასწაულის.
„რეალური სიყვარული“
რამდენიმე სიყვარულის ისტორია, რომელსაც ერთი ქალაქი და ერთი გრძნობა აერთიანებთ. „რეალური სიყვარული“ რომელიც ახალი წლის დღეების კლასიკად ითვლება, ეკრანზე 2003 წელს გამოვიდა და 240 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა. როგორც ფილმის პერსონაჟი, მუსიკოსი ბილი ამბობს, შობა მათთვისაა დღესასწაული, ვისაც მოსიყვარულე ადამიანები ახვევია გარს. სურათში მთავარი ერთი რამ არის – ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, რომ ახალი წელი ახალი იმედების მომტანია, თუკი ეს იმედები სიყვარულზეა დამყარებული. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელსაც პატარა გამბედავი ბიჭით დაწყებული, პრემიერ-მინისტრით დამთავრებული, ყველა ხვდება.
„საშობაო ზღაპარი“
„ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულისა და არც ჩემს მიმართ. “,- წერდა ჩარლზ დიკენსი.
ყველა თაობის საყვარელი მწერლის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული და ყურებადი ფილმი „საშობაო ზღაპარი“. სურათი 1951 წელს გამოვიდა დიდ ეკრანებზე და მას შემდეგ ახალი წლის დღეების განუყოფელ ნაწილად იქცა.
„მარტო სახლში“
ალბათ უკვე შეუძლებელია, საშობაო არდადეგები და ახალი წელი ამ ფილმის გარეშე წარმოიდგინო. უამრავი ადამიანი ასაკისა და სქესის მიუხედავად, უკვე წლებია, სიამოვნებით უყურებს სახლში მარტო დარჩენილ ქევინსა და მის თავგადასავალს. მაკოლეი კალკინის, ჯო პეშისა და დენიელ სტერნისის მონაწილეობით, კრის კოლამბუსის მიერ 1990 წელს გადაღებული „მარტო სახლში”, იმ ნამუშევართა რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც უკვდავი ფილმის სტატუსი მიენიჭა.