ხუან გუაიდო საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
ხუან გუაიდო საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ შევქმენით თავისუფალი მსოფლიოს მიერ აღიარებული ალტერნატივა, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის გარდაქმნა და შევებრძოლოთ პანდემიას ვენესუელაში. მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული საგანგებო მთავრობის შექმნის იდეის მხარდაჭერისთვის. ჩვენ მარტო არ ვართ!“ – აცხადებს ვენესუელის ლეგიტიმური პრეზიდენტი.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, პირველ აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმა ვენესუელის კრიზისიდან გამოსასვლელად აშშ-ის მხარის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივას.

„საქართველო მიესალმება ვენესუელის დემოკრატიული გარდაქმნისთვის აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. საქართველო თანადგომას უცხადებს ვენესუელელ ხალხს და მტკიცედ უჭერს მხარს მის სწრაფვას დემოკრატიისაკენ“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების კვალდაკვალ, საქართველომ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად 2019 წლის 24 იანვარს აღიარა.