საკანონმდებლო ინიციატივით, ხრეშა-ქვიშის მოპოვებისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის სამჯერ გაზრდა იგეგმება
ხრეშა-ქვიშის მოპოვებისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის სამჯერ გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შედის.
პროექტით, მოსაკრებლის რაოდენობა, 0.2 ლარის ნაცვლად, 0.6 ლარი იქნება. ცვლილებების ინიციატორი უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ ქვიშა-ხრეშის სექტორი საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება და ბოლო 10 წლის მანძილზე ამ სექტორში მოპოვება სტაბილურად 2%-ით იზრდება.
„ქვიშა-ხრეშის მოსაკრებელი გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროა. მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ აღნიშნული მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლები 2022 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით, დაახლოებით, 3-ჯერ გაიზრდება. შედეგად, 2022 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ჯამურად მიღებული 4 196 640 ლარის ნაცვლად, მუნიციპალიტეტები ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლებისგან ჯამურად, დაახლოებით, 12 500 000 ლარის მიღებას შეძლებენ. აღნიშნული ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს, თუ ბაზარზე ქვიშა-ხრეშის მზარდი მოთხოვნა იქნება. სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორების მზარდი ტენდენციები ამ მოლოდინს ამყარებს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.