ხორვატიის სასაზღვრო პოლიციას თავშესაფრის მაძიებელთა ნივთების დაწვაში ადანაშაულებენ
ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ხორვატიის სასაზღვრო პოლიცია, სავარაუდოდ წვავს ტანსაცმელს, მობილურ ტელეფონებსა და პასპორტებს, რომლებიც ჩამოართვეს თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას, ვიდრე უკან, ბოსნიაში გააბრუნებენ.
შესაბამისი მტკიცებულებები ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ No Name Kitchen-მა წარადგინა. ორგანიზაციის ანგარიშში მოცემულია დამწვარი ნივთების ფოტოები, ასევე, პოლიციის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და ცემის მტკიცებულებები.
No Name Kitchen-ის ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი რვა დიდი ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა, სადაც ხორვატიის პოლიცია, სავარაუდოდ წვავს ადამიანების პირად ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირში ჩასვლისას თავშესაფრის მოთხოვნის შესატანად. მედიის ცნობით, დამწვარი სმარტფონები ასევე შეიძლება შეიცავდეს ხორვატიის პოლიციის მხრიდან ძალადობის მტკიცებულებებს.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სამხრეთ აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, ასევე, სულ უფრო ხშირად ჩინეთიდანაც, ცდილობს, ბალკანეთის გავლით ევროკავშირში მოხვდეს. როგორც მედია წერს, ბევრს ხორვატიის სასაზღვრო პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, ზოგიერთს კი, ძარცვავენ და ძალით აბრუნებენ ბოსნიაში.
მიგრანტების გაძევებას ჰუმანიტარული ორგანიზაციები მიიჩნევენ საერთაშორისო სამართლის დარღვევად, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიტანონ თავშესაფრის მოთხოვნა, როგორც კი ისინი კონკრეტული ქვეყნის საზღვრებს გადაკვეთენ.
ჰუმანიტარული მუშაკებისა და ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, ხორვატია უარყოფს, რომ თავშესაფრის მაძიებლებს ბოსნიაში აძევებს ან მათ წინააღმდეგ ძალადობს.
ხორვატიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი ატარებენ „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას თავიანთი თანამშრომლების ნებისმიერი პოტენციური უკანონო საქმიანობის მიმართ“. სამინისტროში ასევე თქვეს, რომ ისინი, ვინც ახორციელებენ საზღვარზე ძალადობას, ტრეფიკინგში ჩართული პირები არიან.