ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ევროპელმა კანონმდებლებმა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ოკუპაციის შედეგებზე ინფორმაცია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილისგან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან მოისმინეს.
„ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციამ სურვილი გამოთქვა საკუთარი თვალით ენახათ, თუ რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზზე და გაცნობოდნენ ოკუპაციის იმ მძიმე შედეგებს, რასაც ჩვენი მოსახლეობა ოკუპირებულ რეგიონებში განიცდის. ჩვენს კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღესაც მიმდინარეობს რიგ შემთხვევებში ე.წ. უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი და რუსეთი საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩვენი მოსახლეობის შევიწროებას. საუბარია ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, რიგ შემთხვევებში, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებებზე. მოსახლეობა იმყოფება მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში, ადგილზე სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და აღნიშნულ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა. ხორვატმა კოლეგებმა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოთქვეს“, – განაცხადა ნინო იობაშვილმა.