ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე გამოვხატეთ მტკიცე განზრახვა, გავაგრძელოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ პოლიტიკური დიალოგი ყველა დონეზე
გამოვხატეთ მტკიცე განზრახვა, გავაგრძელოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი ყველა დონეზე, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ტურიზმში, ენერგეტიკასა და კულტურაში, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილიჩ რადმანმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გორდან გრილიჩ რადმანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.
„მექნება საშუალება, შევხვდე საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებს. ფაქტობრივად, ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი და ძალიან წარმატებული. როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, გვქონდა ძალიან ღია და ნაყოფიერი საუბარი. გულახდილად გავუზიარეთ ერთმანეთს ხედვები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. ნება მომეცით, ასევე ხაზი გავუსვა, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება საქართველოსა და ხორვატიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს კონტექსტში, რომელიც 1993 წლის 2 თებერვალს დაიწყო. დღეს ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე განზრახვა, გავაგრძელოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი ყველა დონეზე, გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ტურიზმში, ენერგეტიკასა და კულტურაში. ასევე, ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური ურთიერთობის სფეროში ტრენინგთან დაკავშირებით“, – განაცხადა გორდან გრილიჩ რადმანმა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად ხელს მოაწერს ხელშეკრულებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.
„ნება მომეცით, დავამატო, რომ ორივე ქვეყანა ძალზე დაინტერესებულია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მხარდაჭერით, რადგან ხორვატიაც და საქართველოც ამაყობს ქვეყნის სილამაზითა და კულტურული მემკვიდრეობით“, – დასძინა გორდან გრილიჩ რადმანმა.