ხორვატიის პრემიერ-მინისტრი კოვიდინფიცირებულ ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრის მიუხედავად თვითიზოლაციას არ აპირებს
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრის მიუხედავად თვითიზოლაციაში ყოფნას არ აპირებს. შეგახსენებთ, ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი აცხადებს, რომ ჩოგბურთელთან შეხვედრისას მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრსა და სპორტსმენს შორის სოციალური დისტანცია დაცული არ არის და პლენკოვიჩს ხელი ჯოკოვიჩის მხარზე უდევს.
ხორვატიის პრემიერის თვითიზოლაციას ოპოზიცონერი პოლიტიკოსების ნაწილი ითხოვს. პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ მისი მეტოქეები ცდილობენ, ის პოლიტიკურ კამპანიას ჩამოაცილონ 5 ივლისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ზადარში მის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე დაინფიცირდა.