ხორვატიის პარლამენტმა თვითდათხოვნას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილებას 105 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საჭირო იყო სულ მცირე, 76 ხმა. რვა კანონმდებელმა ინიციატივის წინააღმდეგ მისცა ხმა, ოთხმა კი, თავი შეიკავა.
პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით მმართველი კოალიცია გამოვიდა. მანამდე ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა და ხორვატიის დემოკრატიული კავშირის ლიდერმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ პარტიას ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვება კვლავ შეუძლია და ახლანდელ პარტნიორებთან კოალიციის ფორმირების იმედი აქვს.
პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი სავარაუდოდ ვადამდელი არჩევნების თარიღს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. არჩევნები არაუგვიანეს 22 ივლისისა უნდა ჩატარდეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მმართველი უმრავლესობის წამყვანი პარტიის „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“ რეიტინგი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე გაიზარდა, რაც მას ვადამდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში პოზიციების განმტკიცების საშუალებას აძლევს.