ხორვატიის იუსტიციის მინისტრი - მსოფლიოში ციხის სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დგება, ამასთან გასამკლავებლად გვჭირდება თანამშრომლობის გაძლიერება
მთელ მსოფლიოში ციხის სისტემა ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგება, ძველებური მეთოდები აღარ არის საკმარისი ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ახალი პასუხების მოძიება, – ამის შესახებ ხორვატიის იუსტიციისა და საჯარო მმართველობის მინისტრმა, ივანე მალენიკამ თბილისში, „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების“ თემაზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ივანე მალენიკამ აღნიშნა, დანაშაულმა არ იცის საზღვრები და ტრანსნაციონალური დანაშაული გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.
„მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების სამინისტროს სახელით ხორვატიიდან. მოგესალმებით კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება ინოვაციებს ციხის სისტემაში. დანაშაულმა არ იცის საზღვრები და, სამწუხაროდ, ტრანსნაციონალური დანაშაული გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. კრიმინალები ახდენენ ერთმანეთთან გაერთიანებას და ასევე ინოვაციური მეთოდები შემოაქვთ თავიანთი საქმიანობაში. მთელ მსოფლიოში ციხის სისტემა ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგება. ძველებური მეთოდები აღარ არის საკმარისი ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ახალი პასუხების მოძიება. პირველ რიგში, ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთმანეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით, არა მარტო დანაშაულთან ბრძოლის საქმეში, არამედ საპატიმრო სასჯელების აღსრულების თვალსაზრისით და არასაპატიმრო სასჯელების თვალსაზრისითაც. ამ მხრივ, მე მინდა, მოგილოცოთ ყველა წარმატება, რომელიც თქვენ აღნიშნეთ და ასევე კონფერენციის ჩატარება, რომელზეც, იმედია, მივიღებთ პასუხებს, როგორ შეიძლება, ვუპასუხოთ ამ თანამედროვე გამოწვევებს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ციხის სისტემები განსხვავდება ქვეყნის, ისტორიის, კულტურის მიხედვით, თუმცა არის საერთო ტენდენციები და გამოწვევები, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ჩვენ დავასახელოთ ეს შეკითხვები და შემდეგ შევეცადოთ, მათ გავცეთ პასუხი. ასევე, გავუზიაროთ ერთმანეთს შესაბამისი კარგი პრაქტიკა და გამოცდილება. დანაშაულთან ეფექტური ბრძოლის მიზნით ჩვენ თვითონაც უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ციფრული სისტემის შემოტანა ერთ-ერთი მთავარი პასუხია გამოწვევაზე.
„პატიმართა რეაბილიტაციის პროექტებში, ხორვატიაში ჩვენ ვიყენებთ გუნდურ მიდგომას და ამ შემთხვევაში თანამშრომლები თამაშობენ ძალიან მნიშვნელოვან როლს. ჩვენ ვთავაზობთ ზოგად და ინდივიდუალურ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია რეაბილიტაციაზე. აუცილებელია სასჯელის ინდივიდუალიზაცია და ხელშემწყობი გარემოს შექმნა. ამისათვის, სწორედ ამ მიზნებით ჩვენ როდესაც ვადგენთ რეაბილიტაციის პროგრამებს, ამ მიზნებს ვითვალისწინებთ და ვცდილობთ, ციხის პირობებში არსებული პროგრამები მაქსიმალურად შეესაბამებოდეს იმას, რაც არის გარეთ. ასევე მნიშვნელოვანია პრობაციის სამსახური. 2017 წლიდან ჩვენ უკვე ვაფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გვეხმარებიან ციხეში სამუშაოსა და განათლების თვალსაზრისით, ასევე პრობაციის თვალსაზრისით და საშუალო ფინანსური ხარჯი წელიწადში არის 500 000 (ხუთასიათასი) ევრო.
ინოვაციებს გამასწორებელ სისტემაში ხელმძღვანელობს ჩვენი პრობაციის სამსახური. 10 წელიწადში, დაახლოებით, 190 მილიონი ევრო დავხარჯეთ ჩვენ ამ საქმეზე. ამ პროექტის წყალობით, ელექტრონული მონიტორინგისა და ვირტუალური რეალობის შემოტანით, ჩვენ შემოვიტანეთ ეს სისტემები პრობაციონერებთან ურთიერთობაში, რამაც შეამცირა ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკები და გააადვილა კომუნიკაცია პრობაციონერებთან.
პატივცემულო კოლეგებო, პრობაციონერებთან, მსჯავრდებულებთან თუ სასჯელმისჯილებთან ურთიერთობას აწარმოებენ ჩვენთან პრობაციის ოფიცრები და შესაბამისი თანამშრომლები.ეს თანამშრომლები არიან გადამწყვეტი ამ სისტემისთვის, რამდენად ეფექტური იქნება სისტემა, სწორედ მათზეა დამოკიდებული. აუცილებელია, რომ სწორედ პრობაციის სამსახური იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიალოგს და თანამშრომლობას. ეს კონფერენცია სწორედ ამისთვის არის გამიზნული, რომ ვიპოვოთ დიალოგის გზები და საერთო გამოსავლები ამ გამოწვევებისგან“, – განაცხადა ხორვატიის იუსტიციის მინისტრმა.